ფარული მასალები

ხაზარაძე: ვადასტურებ ჩანაწერების ავთენტურობას, დაიწყოს გამოძიება, დაუყოვნებლივ დამკითხონ

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე. 

ხაზარაძე მასთან დაკავშირებული ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და ამბობს, რომ ის უნდა დაიკითხოს როგორც ჩანაწერებში მოხსენიებული ერთ-ერთი პირი. მისი თქმით, გავრცელებული მასალები ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მასობრივად აწარმოებენ უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენას და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას.

"მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ.

აქედან გამომდინარე მოვითხოვ:

  1. პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ დამკითხონ დანაშაულის უტყუარ ფაქტზე - ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.
  2. მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შსს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას.
  3. მოვითხოვ, ბატონმა გახარიამ შეწყვიტოს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აგვიხსნას, მისი შსს მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით გვისმენდა მე და მეუფე თეოდორეს და კიდევ ათასობით მოქალაქეს.
  4. მოვითხოვ, "ოცნების" თვითეულმა კოლეგა-პარლამენტარმა ამომრჩევლებს ჩააბარონ ანგარიში თუ როგორ მოახერხეს ქვეყნის იმავე ჭაობში ჩაძირვა, საიდანაც 2012 წელს ამოსვლას ჰპირდებოდნენ.

სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი თავისუფლება; დავიცვათ მასწავლებლები და ჟურნალისტები, დავიცვათ ბიზნესი და დიპლომატიური კორპუსი, დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება, დავიცვათ ეკლესია უკანონო და ბინძური ჩარევებისიგან, ჩვენ 2 ოქტომბერი უნდა ვაქციუთ ხელისუფლების ცვლილების რეფერენდუმად".- აცხადებს ლელოს ლიდერი. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები