სერგეი ბოკარევის საქმე

ბოკარევის ადვოკატი: სააპელაციომ უკანონოდ მიიჩნია შსს-ს გადაწყვეტილება, განხილვა დაავალა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

რუსი ბიზნესმესნის, სერგეი ბოკარევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბოკარევისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის შესახებ და მას საქმის ხელახლა, სასამართლოს მითითებებით განხილვა დაავალა.

"დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, რომლითაც გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ბოკარევისთვის თავშესაფრის, ანუ საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ. დაავალა მიგრაციის დეპარტამენტს ხელახლა განიხილოს ეს საკითხი უკვე სასამართლოს სავალდებულო მითითებებით. პრაქტიკულად, სასამართლოს მითითებით, უკვე არსებული განხილვა დეპარტამენტში მიჩნეულ იქნა უკანონოდ, გამოვლინდა მრავალრიცხოვანი დარღვევა, და თავიდან უნდა განიხილონ იმ პრეტენზიებით, რაც ბოკარევს აქვს. ეს ეხება საქმის არა მარტო პროცედურულ ნაწილს, არამედ ეხება საქმის არსებით ნაწილს, კერძოდ, საქმე განხილული უნდა იყოს უფლებათა დაცვის ჭრილში როგორც ეს ხდება მთელს ევროპაში და შეერთებულ შტატებში". – თქვა პატარაიამ ტაბულასთან საუბარში.

ადვოკატის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ბიზნესმენისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ძალაში დატოვებდა, ბოკარევის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყებოდა. 

ბოკერავის ადვოკატის თქმით, რუსეთში ბიზნესმენზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან კავშირს გამო ზეწოლა მიმდინარეობდა, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ადვოკატი ამბობს, რომ სერგეი ბოკარევმა ფინანსურად ღიად დაუჭირა მხარი ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას. მან ასევე საჯარო პოზიცია გამოხატა უკრაინისა და საქართველოს რუსეთთან საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ – იგი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგებოდა ყირიმის ანექსიას. ფერმერთა ასოციაციის შეკრებაზე ბოკარევმა გუბერნატორის თანდასწრებით გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის ფასს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შედეგად, ჩვეულებრივი მოქალაქეები იხდიან, ამის შემდეგ კი ბოკარევის დევნა დაიწყო.

სერგეი ბოკარევი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა. რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის დააკავეს, რის შემდეგაც ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა. სერგეი ბოკარევის ადვოკატი, მალხაზ პატარია, ამბობს, რომ სამართლებრივად ქართულმა სახელმწიფომ ბიზნესმენს თავშესაფარი უნდა მისცეს. ადვოკატის თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა შსს-ს უარი და საკითხი ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა, თუმცა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თავად ბოკარევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 99.8%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის. ციხეში კი მას წამება, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და მისი სიცოცხლე საფრთხეში იქნება.

21 ივნისს სერგეი ბოკარევმა ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ბოკარევის შესაძლო ექსტრადირებას ამართლებს დოკუმენტით, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაზე.

კომენტარები