ფარული მოსმენები

პაპუაშვილი მასალებზე: ეს აწყობს ენმ-ს, ასეთი თუ სხვაგვარი შემთხვევა ალბათ კიდე იქნება

შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიწვიოს არჩევნების მომდევნო დღეს არეულობა.

"როცა ასეთი მდგომარეობაა, ყველაზე მარტივი კითხვა, რაც შეიძლება დაისვას არის - ვის აწყობს. ჩვენ თუ ამას გულწრფელად გავცემთ პასუხს, ეს პასუხი მიდის ნაციონალურ მოძრაობასთან. მას აწყობს ის, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარეშე აადუღოს ტემპერატურა ისე, რომ 2 ოქტომბერს რამენაირად გამოიწვიოს არეულობა. 

ნაციონალური მოძრაობა არ ემზადება 2 ოქტომბრისთვის, ის ემზადება 3 ოქტომბრის არეულობისთვის და ეს არის შემზადება ამისთვის. ვხედავთ ბოლო პერიოდში, როგორ არის მცდელობა ტემპერატურის აწევის, ასეთი თუ სხვაგვარი ინფორმაცია თუ შემთხვევა ალბათ იქნება და  ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, პირველი კითხვა დასვათ, თუ ვის აწყობს და როცა პასუხს გასცემთ, შემდეგ ივარაუდოთ რასთან გვაქვს საქმე". - ამბობს პაპუაშვილი.


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები