COVID-19-ის ვაქცინა

ჯანმო-მ COVID-19-ის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა 

Sputnik V

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინის წარმოების პროცესი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. 

რუსეთმა Sputnik V-ის დამტკიცების მოთხოვნით ჯანმო-ს თებერვალში მიმართა, თუმცა გადაუდებელი გამოყენებისთვის ვაქცინას ნებართვა ჯერაც არ მიუღია. 

ევროპის მედიკამენტების სააგენტოც [EMA] იზიარებს WHO-ს პოზიციას და ადასტურებს, რომ რუსული მწარმოებლისგან ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების მიღება და საწარმო ქარხნების შემოწმება ჯერაც არ განხორციელებულა. 

"ნებისმიერ მწარმოებელი, რომელსაც სურს WHO-სგან ავტორიზაციის მიღება, ვალდებულია წარმოადგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია ვაქცინისა და მისი წარმოების პროცესის შესახებ. ინსპექციამ უნდა დაადასტუროს, რომ ქარხანა-საწარმოები სრულ თანხვედრაშია WHO-ს სტანდარტებთან". – განმარტავს WHO-ს წარმომადგენლობა. 

რუსი მეცნიერების მტკიცებით, Sputnik-ი 97.2%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა და ის ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ავტორიზაციის პროცესის შეჩერება კი უსაფუძვლოა.  
 

კომენტარები