ფარული მოსმენები

მელაძე: პროკურატურა TV პირველის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მოვიდა

ნოდარ მელაძე
ტვ პირველი

ტელეკომპანია პირველის ოფისში პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდა. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მელაძის თქმით, გუშინ, 15 სექტემბერს პროკურატურაში მისი გამოკითხვის დროს გამომძიებლები დაინტერესდნენ, როგორ მიიღეს ჟურნალისტებმა ბმული, რომელზეც ატვირთულია მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. მელაძის თქმით, ბმული ტვ პირველს მისი გადაცემის Facebook-გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნეს.

"გამოკითხვის დროს გამომძიებლები ინტერესდებოდნენ, თუ რა საშუალებებით მივიღეთ ჩვენ, ჟურნალისტებმა ბმული სადაც იყო, საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მძიმე რეალობაა ასახული, მღვდლების, მონაზვნების, ბერების, ეპისკოპოსების, პატრიარქის გარემოცვის, უკანონო ფარული მიყურადების ამსახველი 58 000 ფაილი და ძალიან მძიმე შინაარსის ჩანაწერები. პროკურატურა დაინტერსდა, როგორ შემოვიდა მედიაში ეს ჩანაწერები. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ გამოგვიგზავნეს ბმული ჩემი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე, ასევე ტელევიზიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე." - თქვა მელაძემ.

ჟურნალისტის თქმით, არ ჰქონდათ სურვილი პრკურატურის კომპიუტერებზე გაეხსნათ პერსონალური ანგარიშები და აქედან გამომდინარე დღეს, 16 სექტემბერს, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდა ტელეკომპანიაში.

"...ისინი მოვიდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ტვ პირველის ოფისში, მათ ნახეს და დარწმუნდნენ, რომ 12 სექტემბერს ღამით დაახლოებით 23:48 გამოიგზავნა პირველი ბმული, მას ახლდა ანოტაცია, თუ რა შინაარსის მასალა დაგვხდებოდა ბმულზე გადასვლის შემდეგ და დაახლოებით საათნახევრით ადრე გამოიგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე. ამ ადამიანებმა ნახეს საკუთარი თვალით, რომ ვებგვერდი რომელიც თითქოს დაბლოკილია, ისევ იხსნება..." - თქვა მელაძემ.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პროკურატურა მას ეკითხებოდა, რა მასალას გაეცნო, მაშინ როცა ეს მასალები ხელმისაწვდომია ინტერნეტში და შესაძლებელია მათი გადმოწერა. ნოდარ მელაძის თქმით, გავრცელებულ მასალებში სუს-ის 30-40 მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარსადგენად ყველა მტკიცებულებაა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ნოდარ მელაძემ იმავე დღეს თქვა, რომ ფაილებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, კერძოდ კი საუბარი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან, მამა ანდრია სარიასთან და მეუფე ნიკოლოზთან.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები