ფარული მოსმენა

"რატომ 30 000? ანუ გავყიდე თუ არა 30 ვერცხლად?"– მეუფე ნიკოლოზი ლუგარზე ბრალდებას უარყოფს

"თქვენ მე მეკითხებით გავყიდე თუ არა სამშობლო 30 ვერცხლად?". - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საუბრისას შეეხო 13 სექტემბერს გავრცელებულ ფაილებს, სადაც წერია, რომ ის რუსეთს 30 000-ის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. მეუფე ნიკოლოზი უარყოფს ამ ბრალდებეს და ამისათვის სამ არგუმენტს ასახელებს. 

"რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ლუგარის ლაბორატორიაზე მე თუ მქონდა ინფორმაცია, რომელიც გაიყიდებოდა, ის ლუგარის ლაბორატორია არ არის დასახური, საიდან უნდა მქონდეს მე ლუგარზე ინფორმაცია, რომლის შესახებაც გავიგე მეც, როდესაც პანდემიის დროს გაჟღერდა. მე როგორ შეიძლება მქონოდა შეხება [რუსეთში გავრცელებაზე]. მეორე, რუსეთიდან პირად ანგარიშზე შეუძლებელია თანხის პირდაპირ გადმორიცხვა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ქვეყნებს. მესამე, ყველაზე საინტერესოა 30, ანუ თქვენ მე მეკითხებით გავყიდე თუ არა სამშობლო 30 ვერცხლად. რატომ 30 000? ჯერ დავიწყოთ იმით, ესე იაფად თუ გავყიდე, მაშინ გასაგდები ვარ". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები