ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

კიმ ჩენ ინი
GETTY IMAGES

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ინფორმაცია სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს.

იაპონური მხარის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა ისროლა. იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ინციდენტს მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ ის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

ამ კვირაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის მეორე შემთხვევაა. 11 და 12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ შორი დისტანციის ახალი საკრუიზო რაკეტები გამოცადა.

უცნობია, რაკეტების ზუსტი დანიშნულება და მათი ფრენის რადიუსი, თუმცა სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების თანახმად, ისინი აშშ-სთან თანამშრომლობით სრულ მზაობას ინარჩუნებდნენ.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაეროს რეგულაციებს ეწინააღმდეგება, რომელთა მიზანიც ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის შემუშავებაში ხელის შეშლაა. უშიშროების საბჭოს სანქციები, ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკრძალავს. თუმცა შეზღუდვა საკრუიზო რაკეტებს არ ეხება. საბჭო მიიჩნევს, რომ ბალისტიკური რაკეტები საკრუიზო რაკეტებზე სახიფათოა, რადგან ისინი უფრო მძლავრია, უფრო შორ მანძილზე და უფრო სწრაფად შეუძლიათ ფრენა.

ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში საკვები პროდუქტების ნაკლებობაა. ჩრდილოეთ კორეამ წელიწადზე მეტი იზოლაციაში გაატარა. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყანამ თავის უდიდეს პარტნიორთან, ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეწყვიტა. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის გამოცდის ფონზე 15 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს სეულში შეხვდება. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების საკითხი და ბირთვული განიარაღების შესახებ შეჩერებული მოლაპარაკებები შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება.

2021 წლის მარტში ფხენიანმა სანქციები დაარღვია და ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, რასაც აშშ-ს, იაპონიის და სამხრეთ კორეის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. გასულ თვეს გაეროს ბირთვულმა სააგენტომ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, რეაქტორი აამუშავა, რომელის გამოყენებაც ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმის წარმოებისთვის არის შესაძლებელი, რაც მოვლენების "ღრმად შემაშფოთებელი" განვითარებაა.

კომენტარები