ფარული მოსმენა

ნიკა მელია: პირობას ვდებ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუს-ი გაუქმდება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

მელია ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა იყო ქვეყნის მთლიანად დაპატრონება და ამ გზაზე ყველა ავტორიტეტის განადგურება, რომელიც მის ძალაუფლებას კონკურენციას შეუქმნიდა და ბევრი ავტორიტეტი დღეს უკვე განადგურებული ყავს და ყველაზე აგრესიული ეკლესიის მიმართ იყო. 

მელია აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა მოსყიდვებით, გადაბირებებითა და შანტაჟით მოახერხა, რომ არათუ ავტორიტეტი შეულახა ეკლესიას და მძიმედ დააზიანა მისი რეპუტაცია, არამედ საკუთარ სამსახურში ჩაიყენა და ძალიან ბევრი, მაღალი თუ დაბალი იერარქიის სასულიერო პირი, მისი პირადი იარაღი გახადა. 

"დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. და ამავდროულად, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ.  ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის,  თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა. დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმ სისასტიკისთვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანაში არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა. წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ მორწმუნე, რომელიც იგებს, რომ შესაძლოა მისი მოძღვარი კომპრომატებით გადაბირებული იყოს. აი ის მოძღვარი, რომელსაც გუშინ აღსარება ჩააბარა".- ამბობს მელია. 

ნიკა მელია პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს,  სუს-ი გაუქმდება. 

"მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, იქნება ეს კგბ, სუკი, კუდი, სუსი თუ ჯანდაბა, გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ. ეს მოხდება 100%-ით.  მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება".- თქვა ნიკა მელიამ. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები