ფარული მოსმენა

GDI ფაილებზე: მიუთითებს მასობრივი კონტროლის, ადამიანის უფლებათა შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს და აცხადებს, რომ სხვადასხვა არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. 

"სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არ არსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. რასაც დამატებით ხელს უწყობს პარლამენტის მიერ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არ არსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს".- აღნიშნულია განცხადებაში. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები