ფარული მოსმენები

ომბუდსმენი: დიდია უკანონო მოსმენების და პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის შეგროვების ალბათობა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მედიის საშუალებით გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველმა არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა უკანონოდ მოიპოვოს ინფორმაცია და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ფარული მოსმენა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და რეაგირება აუცილებელია. 

"ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრებული გვაქვს მოსმენების დღევანდელი მექანიზმი, სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები. რაც შეეხება სკოლის პედაგოგებისა თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუნდაც ეს ფაქტი შეიძლება, არ არის ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, საერთო ჯამში, ამ ფაქტების ერთობლიობა და ასევე ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მარტო წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა. ასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში". - ამბობს სახალხო დამცველი. 

13 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა ფაილები, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. შესაძლოა, ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტები იყოს. 

კომენტარები