კრიმინალი

BOG-ზე თავდამსხმელის ადვოკატი: TBC ბანკის ვალი ჰქონდა, მოტივი ფინანსური მდგომარეობაა

შსს

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს სრულად აღიარებს. ადვოკატის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი ფინანსური მდგომარეობაა - რადგან, მისივე ინფორმაციით, ბრალდებულ TBC ბანკის ვალი ჰქონდა. 

"წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება, სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. ბრალს აღიარებს, მოტივი ფინანსური მდგომარეობაა, მას ვალი ჰქონდა TBC ბანკის, რის გამოც უყიდდნენ საცხოვრებელ ბინას. ვალი 52 ათას ლარამდე გაეზარდა და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა რომ ბანკში შესულიყო. ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვე და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც მომეთხოვა, იმიტომ, რომ ლარიც საჭიროაო". - ამბობს ადვოკატი. 

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. მას ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარედგინა. თავდამსხმელს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.    

9 სექტემბერს ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად მძევლები გათავისუფლდნენ, შსს-მ კი თავდამხმელი დააკავა.  

კომენტარები