კეზერაშვილის საქმე

GDI კეზერაშვილზე: საარჩევნოდ ოცნება სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენი და ტელეკომპანია ფორმულას მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

GDI-ის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას თავმჯდომარეობდა შალვა თადუმაძე, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამველი, ნინო ლომჯარია და თქვა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

"საქმე შალვა თადუმაძესთან ერთად საქმე კოლეგიური წესით განიხილეს ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. ამ უკანასკნელის სახელი უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, ე.წ კლანს. მერაბ გაბინაშილი იყო იმ 10 კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ყოველგვარი შერჩევის პროცედურების გარეშე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და მნიშვნელოვანი განხეთქილება შეიტანა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდშიც.

იგივე შეიძლება ითქვას ლევან თევზაძეზეც, რომელიც მოიაზრება "კლანის" ერთ-ერთ გავლენიან წევრად. იგი უზენაეს სასამართლოში მესამე ცდით იქნა არჩეული და მის მიმართ წინა კონკურსის პირობებში აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. პალატის წევრ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უარყოფითად იქნა შეფასებული როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას როგორც ამ კონკრეტულ, ისე ყველა სხვა სამომავლოდ განსახილველ საქმეზეებზე", - წერია GDI-ის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა. 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც.

"აქვე საყურადღებოა, რომ სისხლისსსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ. გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია", - აცხადებს GDI.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცავადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ, პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას.


უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე, 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები