მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი

მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი შეიქმნა

მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის პრეზენტაცია
იდა ბახტურიძე /FB

მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი შეიქმნა. პრეზენტაცია დღეს, 7 სექტემბერს, ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისში გაიმართა, სადაც დამფუძნებლებმა და წევრებმა საზოგადოებას პროფკავშირის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

შეხვედრაზე განიხილეს მოდის სფეროში არსებული დისკრიმინაციული და კანონთან შეუსაბამო შრომითი პრაქტიკები, გადაჭრის გზები და შესაბამისი უწყებების როლი მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

"რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზები ბევრია, ეს სფეროც სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა ბევრი, შრომითი უფლებები ირღვევა სისტემატიურად, ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნება სამუშაო დროსთან დაკავშირებული რეგულაციები, ზოგადად კონტრაქტების პრობლემა. ამ ადამიანებს შრომითი ხელშეკრულებაც არ აქვთ სააგენტოებთან, აქედან გამომდინარე, ვერ სარგებლობენ ბაზისური უფლებებითაც კი. ასე რომ ძალიან ხშირი, დისკრიმინაციული, არათანაბარი გარემო, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ძალიან ხშირად პრობლემები არსებობს უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. ამ სფეროში ძირითადად დასაქმებულები არიან ქალები და ძალიან მნიშვნელოვანია, მათი საჭიროებები იყოს გათვალისწინებული".- თქვა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სახალხო დამცველის ოფისმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, შრომის ინსპექციის სამსახურმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციამ, ქალთა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სამოდელო სააგენტოებმა და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

კომენტარები