აქტივისტების დაჯარიმება

დროას წევრი პროტესტის ნიშნად შადრევანში საღებავის ჩასხმისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ცნობით, ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გასაპროტესტებლად დროას პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია ლეთოდიანმა შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხა, რის გამოც, 5 000 ლარით დააჯარიმეს. ხოშტარიას თქმით, გია გაჩეჩილაძეს [უცნობს], რომელმაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დააზიანა და წარწერა გაუკეთა, ის მერიამ 1 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ხოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ". – წერს ელენე ხოშტარია.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა.


მერიამ უცნობი 1 000 ლარით 9  აპრილს დააჯარიმა. მომღერალმა ანტიოპოზიციურ აქციაზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე  დააწერა: "ღმერთი სიყვარული არს".

კომენტარები