გავრილოვის ღამე

პრემიერი გახარიაზე: 20 ივნისს ხალხს აყურებინა, როგორ სცემდნენ ენმ-ის წევრები სპეცრაზმელებს

"თქვენ ნახავთ სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადების შეფასება სთხოვა. გახარიამ თქვა, რომ "ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ ნაწილებად დაიშლება".

ღარიბაშვილის თქმით, მან და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემაც, ბიძინა ივანიშვილმა გახარიას სახელი "უკვე დაარქვეს". ღარიბაშვილი ამბობს, რომ გახარია მოღალატეა და ეს ყველა მოქალაქემ იცის. 

ღარიბაშვილმა გახარიას თანამდებობის დროს ჩატარებული სპეცოპერაციები გაუხსენა და გააკრიტიკა. 

"ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში და მთელს სოფელს აცემინა ქვებით და კაცი არ დაუსჯია და მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ პოლიციელებს არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ეს არის ინსტიტუტის დაკნინება. ასევე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის ის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, ვგულისხმობ გავრილოვის ღამეს ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი ამას აუხსნიდა, აცემინა 3 საათის განმავლობაში, აყურებინა მთელს მოსახლეობას და მთელს ქვეყანას, როგორ სცემდნენ აგრესიული "ნაცმოძრაობის" წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

2019 წლის 20 ივნისის, "გავრილოვის ღამის" შემდეგ გამართული აქციის მონაწილეები მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, ქართულმა ოცნებამ გახარია დააწინაურა - ის პრემიერმინისტრი გახდა.

1-ელ სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიამ საკუთარი თავი წარადგინა

კომენტარები