იაპონია

იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას დატოვებს და არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს 

იოშიჰიდე სუგა

იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას თქმით, ის აპირებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს და მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს. 

Reuters-ის ცნობით, სუგას გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებას და მისი რეიტინგის 30%-იან ნიშნულს ქვევით ვარდნას უკავშირდება. 

"მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ იაპონიის პრემიერმინისტრი გავხდი, COVID-19-თან გამკლავება იყო ჩემი ძალისხმევის მთავარი მიზანი. საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ვირუსთან ბრძოლა უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. მივხვდი, რომ ორივეს ერთად ვერ გავაკეთებდი და ერთი მათგანი უნდა ამერჩია". – თქვა 72 წლის სუგამ. 

სავარაუდოდ, ქვეყნის მომდევნო პრემიერმინისტრი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის [LDP] ახალი ლიდერი გახდება, რომლის ზუსტი ვინაობა ჯერაც უცნობია. 

სუგას გადაწყვეტილება LDP-ის წევრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. 

"სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ. თუმცა, მჯერა, რომ მან ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო". – თქვა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, ტოშიჰირო ნიკაიამ.

ექსპერტების შეფასებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდამ, საავადმყოფოებში საწოლებისა და პერსონალის სიმცირემ პრემიერმინისტრის რეიტინგი მკვეთრად შეამცირა, პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვება კი ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო. 

პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა იქნება, რომელიც პირობას დებს, რომ მეტ რესურსებს გამოყოფს პანდემიასთან ბრძოლისთვის. 

კომენტარები