ავღანეთი

ავღანეთში, ჰერათში ქალებმა დემონსტრაცია გამართეს, ისინი თალიბანისგან მეტ უფლებებს ითხოვენ

ქალების საპროტესტო აქცია ავღანეთში, ჰერათში.
The Washington Post

ხუთშაბათს, 2 სექტემბერს, ავღანეთში, ქალაქ ჰერათში 60-80-მა ქალმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვდნენ დასაქმებისა და განათლების უფლებების გაზრდას. 

Aljzeera-სთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, 24 წლის მარიამ ებრამმა თქვა, რომ ისინი ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ, რომ თალიბანის დეფაქტო მთავროვისგან არ ისმის პასუხები ქალთა მუშაობის უფლებებზე. მისი თქმით, ქალაქ ჰერათში ბევრ ქალს უთხრეს, რომ სამსახურში არ მისულიყვნენ, ზოგი კი სამსახურში მისვლისთანავე გამოაბრუნეს. 

ებრამის თქმით, ის და აქციის მონაწილე სხვა ქალები შეხვდნენ თალიბანის მაღალი რანკის წარმომადგენლებს და მოითხოვეს ქალთა უფლებებზე მათი პოლიტიკის ცხადად განმარტება, მაგრამ მათ პასუხი ვერ მიიღეს. 

"თალიბანთან ყველა დონეზე საუბრის მცდელობის შემდეგ, ქალებმა გადაწყვიტეს მათი ხმა საჯაროდ გაჟღერებულიყო. ვცადეთ მათთან საუბარი, მაგრამ 20 წლის წინ რა თალიბანიც იყო, იმის მეტი არაფერი გვინახავს. არაფერი შეცვლილა" - ამბობს ებრამი. 

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა, მათ დადეს პირობა, რომ ქალთა უფლებებს დაიცავდნენ, ოღონდ შარიათის კანონის შესაბამისად. ისინი ამბობდნენ, რომ ქალებს შეეძლებოდათ მუშაობა და განათლების მიღება.

1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს თალიბანის ხელისუფლება მართავდა, ქალთა უფლებები სასტიკად ირღვეოდა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები