ევროპული საქართველო

ნონიაშვილი, ორდენიძე, დონაძე – ევროპულმა საქართველომ თბილისში სიის ათეული წარადგინა

ევროპულმა საქართველომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკრებულოების პროპორციული სია შეიტანა. თბილისში პარტიის ათეულის პირველი ნომერი ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი იქნება. 

1. გიორგი ნონიაშვილი
2. დათო ჟღენტი
3. ნინო ორდენიძე
4. ბესო დონაძე
5. ლაშა ჯანჯღავა
6. თეა კოტუა
7. გიორგი ბახტაძე
8. ალექსანდრე  გურაბანიძე 
9. მალორიტა ედიშერაშვილი
10. თეიმურაზ  გვაძბაია

გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, ამ არჩევნებზე ქვეყნის თავისუფლების ბედი წყდება – ან ქვეყანა აიღებს გეზს და დაბრუნდება ევროპული საქართელოსკენ ან წავა ჭაობისკენ, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს ალტერნატივად. 

"ამიტომ, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ. ამას სიმბოლურად ჩვენ, ოპოზიციურმა ფლანგმა სარეფერენდუმო არჩევნები ვუწოდეთ, იმიტომ, რომ მას აქვს სიმბოლური, პოლიტიკური შინაარსი, სადაც წყდება ზუსტად თავისუფლების ბედი. მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია, ამ ქვეყნის ხელისუფლება როგორ ამბობს უარს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე და როგორ აქცია ზურგი დასავლეთს, სამწუხაროდ". – თქვა გიორგი ნონიაშვილმა. 

კომენტარები