ავღანეთი

პანჯშირში დიდი შეტაკებები დაიწყო, თალიბანი აცხადებს, რომ ერთი რაიონი დაიკავა

თალიბანის კოლონა

თალიბანსა და პანჯშირის ხეობაში გამაგრებულ ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს შორის აქტიური შეტაკებები დაიწყო, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. წინააღმდეგობის სპიკერის თქმით, მათ თალიბები დიდი დანაკარგებით უკუაქციეს.

წინააღმდეგობის სპიკერის, ფაჰიმ დაშთის თქმით, თალიბანმა შეტევა ხეობის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, კერძოდ ხავაკის გზიდან დაიწყო, ასევე სამხრეთ-დასავლეთით, პარვანის პროვინციის მიმართულებიდან. 

"სასტიკად დავამარცხეთ. ახლანდელი რიცხვებით, 150 მოვკალით, 200-მდე დაიჭრა, 35 დავაკავეთ, მათი ოთხი კოლონა და ორი მძიმე იარაღი გავანადგურეთ" – ამბობს დაშთი თალიბანის უკუქცევაზე.

თალიბანის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში დებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც პანჯშირისკენ მიმავალი მანქანაბეის კოლონა ჩანდა, თალიბანის დროშებით. დაჯგუფება აცხადებს, რომ მათ კონტროლი მოიპოვეს გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთაც წინააღმდეგობის ძალები იკავებდნენ. ისინი ამბობენ, რომ შოთულის რაიონი დაიკავეს.

მოლაპარაკებების ჩავარდნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. 

პერიოდული შეტაკებები ხდება ვარდაკისა და დაიკუნდის პროვინციებშიც, სადაც ძირითადად ჰაზარების ეთნიკური ტომი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც შიიტი მუსლიმია. მათ საკუთარი შეიარაღებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

"სიტუაცია ძალიან არასტაბილური და ფეთქებადია. თალიბანს სურდა დავდნებებულიყავით, რაც ჩვენთვის მიუღებელია" –ამბობს ასადულა ასადი, რომელიც აბდულ ღანი ალიპურის შეიარაღებული ჯგუფის სპიკერია, ვარდაკის პროვინციის ბეჰსუდის რაიონში.

რამდენიმე დღის წინ, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ პანჯშირის მიმართულებით ასობით თალიბი გაგზავნეს. ასევე, მისი თქმით, თალიბანი პრობლემის მოლაპარაკებებით გადაჭრას ცდილობდა.

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი პანჯშირში არის გამაგრებული. მის სათავეში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამრულაჰ სალეჰი და ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი დგანან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები