არჩევნები 2021

Isfed: ევსაქებისთვის TV იმედის უარი პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს

ევროპული საქართველო/კადრი ვიდეოდან

"მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება" -  წერია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში. დოკუმენტი 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე, ისეთ ცალკეულ მოვლენებს, რომლის განვითარებაც 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო.

"ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს" - აცხადებს Isfed-ი.

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა რამდენიმე დღის წინ დაბლოკა. 26 აგვისტოს განცხადებაში იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. 

"ტელეკომპანია პირველი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. 

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისათვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა". - ამბობენ ტელეკომოანია იმედში

ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. 

"მანამდე სხვა არხებით და ინტერნეტით გთხოვთ მოგვმართოთ თუ იცით კორუფციის უტყუარი ფაქტების შესახებ, თუ პოლიტიკური ნიშნით სოციალურ დახმარებას გიხსნიან ან სხვაგვარად გდევნიან. ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე და კორუმპირებული რეჟიმი და ერთად ვიმოძრაოთ საბჭოთა საქართველოდან ევროპულ საქართველოში!". - წერია პარტიის განცხადებაში. 

კომენტარები