არჩევნები 2021

ISFED: შეინიშნება ოცნების სასარგებლოდ სკოლის პერსონალის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება

Mshoblebi.ge

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე, ისეთ ცალკეულ მოვლენებს, რომლის განვითარებაც 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასევე, გამოიკვეთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ქართული ოცნების კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა.

სამართლიანი არჩევნები მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები" - ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო.

"ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს" - აცხადებს Isfed-ი.

ანგარიშის მიხედვით, ტენდენციის სახე ჰქონდა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის  დაკვირვების უფლების შეზღუდვას, მმართველი პარტიის მიერ.

"ქართული ოცნება უმეტესად უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე.

ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. სამართლიანი არჩევნები არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს. 

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ დროას ოფისის დაზიანება ზუგდიდში - ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს დროას ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია დროას და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას" - წერია ანგარიშში.

კომენტარები