კორონავირუსი და შეზღუდვები

ჩხენკელი: სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-მდე იქნება, სწავლა საკლასო ოთახში გაგრძელდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, იმ ქალაქებში თუ სოფლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ხოლო იქ, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს გადააჭარბებს, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში ხოლო იქ, სადაც 4-%ზე მაღალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, გაგრძელდება დისტანციური სწავლება". – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება

ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა, ეს შეეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

კომენტარები