COVID-19-ის ვაქცინა

ამერიკელი სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ბრძანებით, ამერიკელი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. 

"ამერიკელი ერის დასაცავად, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და მზა სამხედრო ძალა. პრეზიდენტის მხარდაჭერით, მედიცინის ექსპერტებთან და სამხედრო სამსახურების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ დავადგინე, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და ამერიკელი ხალხის დასაცავად აუცილებელია სავალდებულო ვაქცინაცია". – წერია ოსტინის განცხადებაში. 

თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილება 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს [FDA] მიერ Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის საბოლოო, სრული ავტორიზაციის მინიჭებას უკავშირდება.

ოსტინის ინიციატივას სულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

"მე და მდივანი ოსტინი ვიზიარებთ ურყევ ვალდებულებას დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს არმიას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა მათი სამუშაოს რაც შეიძლება უსაფრთხოდ შესასრულებლად. ეს ვაქცინები ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს". – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში. 

პენტაგონის ცნობით, 800 000-მდე ჯარისკაცი ჯერაც არ არის აცრილი, თუმცა აცრის პროცესი საკმაოდ სწრაფად განვითარება, რადგან აშშ-ს თავდაცვის ძალები საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინის დოზებს ფლობენ. 

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობის 70%-ზე მეტს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, 60% კი სრულად აცრილია.


აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. 

ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში. 

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კერძო სექტორს და კომპანიებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. 

"თუ თქვენ კერძო ბიზნესის, კომპანიის, არაკომერციული, სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ და FDA-სგან სრულ ავტორიზაციას ელოდით, ახლა უკვე დროა და მოგიწოდებთ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვოთ". – თქვა ბაიდენმა.

 

კომენტარები