არჩევნები 2021

გახარია: არჩევნების გადადებაზე საუბარი არის უპასუხისმგებლობა, შეიძლება უსაფრთხოდ ჩატარება

დღეს არჩევნების გადადებაზე საუბარი არის უპასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ არსებობს შესაძლებლობა არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში და ამაზე უნდა საუბრობდეს დღეს მთავრობა.

ეს მაშინ უნდა გახსენებოდა მთავრობას და კიდევ ბევრ სხვას, როდესაც ქუჩაში პირბადის ტარება გააუქმეს და კიდევ ბევრი არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგეს - მაშინ უნდა გაგვხსენებოდა ეს ყველაფერი და არა ახლა, როდესაც 1 თვეში უკვე არჩევნებია. მე ეს ყველაფერი ძალიან მართულად და ორკესტრირებულად მეჩვენება. სიმართლე თუ გინდათ - დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული არჩევნების გადადებაში - ეს ქართული ოცნებაა, სხვა არავინ. მე ეს ყველაფერი მართულ პროცესად მეჩვენება - ვნახოთ, დავაკვირდეთ.

მთავრობის და მმართველი ძალის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ისე მართოს პანდემია - შეძლებისდაგვარად ნაკლები ზიანი მიაყენოს როგორც ეკონომიკას, ასევე პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არ იყოს გაჩერებული. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ქვეყნისთვის დღეს რას ნიშნავს არჩევნები. არჩევნებამდე ჯერ საკმაო დროა იმისთვის, რომ პანდემია უმართავად კი არ მიმდინარეობდეს - მთავრობამ საბოლოო ჯამში, როდესღაც კეკლუცობას დაანებოს თავი და საქმეს მიხედოს და შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია. 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები