ვაქცინაცია საქართველოში

ლომჯარია: აცრისთვის შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები არაა დისკრიმინაციული

ნინო ლომჯარია
რუსთავი 2

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.

"შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური და სხვა – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას. ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.

შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს". – ამბობს ნინო ლომჯარია.

ამასთან ერთად სახალხო დამცველი ამბობს, რომ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება, თუ საჯარო ადგილებში შესვლის უფლება ექნებათ ვაქცინირებულებს, ხოლო  არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხი სავალდებულო იქნება.

"ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში კოვიდ-19 გადაიტანეს და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი". – ამბობს ნინო ლომჯარია.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ვაქცინაციის დავალდებულებაც გამართლებულია მაშინ, თუ ის ემსახურება ადამიანების სიცოცხლის დაცვას, შესაბამისად, მისივე თქმით,  ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა.

"საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს პირის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის და აღნიშნულით ადამიანების სიცოცხლის დაცვას". – ამბობს ნინო ლომჯარია.

კომენტარები