უნგრეთი

უნგრეთი: 2022 წლიდან, შესაძლოა, რუსული ვაქცინა სპუტნიკის წარმოება დავიწყოთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, Спутник V-ის უნგრეთში წარმოებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ეს, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოდან დაიწყოს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ვაქცინა სპუტნიკი ევროპული მედიკამენტების სააგენტოს არ დაუმტკიცებია, უნგრეთში ის ვაქცინაციის პროცესში ფართოდ გამოიყენებოდა.

ამას გარდა, უნგრეთს სურს, რომ რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომთან გააფორმოს ბუნებრივი აირის მიწოდების ახალი, 15-წლიანი შეთანხმება. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, როგორც პეტერ სიიარტომ თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალი შეთანხმების ფასს გაზპრომთან მომდევნო კვირაში განიხილავენ. ასევე, მან გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმება ამ წლის შემოდგომაზე გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირს სთხოვდა რუსეთისთვის მოეხსნათ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები. ასევე, 2014 წელს ბუდაპეშტმა რუსულ სამთავრობო კომპანია როსატომთან გააფორმა შეთანხმება ორი ატომური რეაქტორის აშენებაზე.

კომენტარები