ავღანეთი

FP: თალიბანს ავღანეთის სამართავად საბჭოს შექმნა სურს

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მოლა აბდულ ღანი ბარადარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კატარში. 18 ივლისის, 2021
KARIM JAAFAR/AFP VIA GETTY IMAGES

თალიბანი გეგმავს, ავღანეთის სამართავად 12-კაციანი საბჭო ჩამოაყალიბოს. საბჭოში ასევე ავღანეთის ყოფილი მთავრობის წევრები შევლენ, რომლებსაც თალიბანი აირჩევს. თალიბანს სურს, ისეთი ადმინისტრაცია ჩამოაყალიბოს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, საბჭოში სამი ყველაზე გავლენიანი წევრი იქნება: დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა აბდულ ღანი ბარადარი, თალიბების სამხედრო კომისიის მეთაური მოლა მუჰამედ იაკუბი და ჰაკანის ქსელის წევრი ხალილ ალ-რახმან ჰაკანი

გარდა ამისა, თალიბანს არ სურს, ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტი აღადგინოს ან ერთპიროვნული ლიდერის თანამდებობა შექმნას.

საბჭოში ასევე ავღანეთის ყოფილი მთავრობის წევრები შევლენ, რომლებსაც თალიბანი აირჩევს. თალიბანს სურს, ისეთი ადმინისტრაცია ჩამოაყალიბოს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ასეთი სტრატეგია გზას გაუხსნის ფრაქციებს შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას და პრობლემებს შექმნის პანშირში ანტითალიბანურ მოძრაობასთან გამკლავებაში.

გამოცემა წერს, რომ წყაროების თანახმად, თალიბანის ლიდერებს სურთ, მაქსიმალურად ინკლუზიურები ჩანდნენ და არაფორმალური საუბრები უკვე დაწყებულია ყოფილ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა აბდულასთან.

Foreing Policy-ს თანახმად, ბარადართან და იუაკუბისთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ თალიბანის ლიდერებს სურთ, მმართველი საბჭოს წევრი გახდეს თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ მასუდიც. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები