ტურიზმი

კომპანია, რომლის თანამშრომელთა 60% აცრილია, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვივრიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტზე ისაუბრა. ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტის თანახმად, კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 60 ან 80% იქნება ვაქცინირებული, შესაბამისად, მიიღებენ 30 ან 50%-იან ფასდაკლებას ტურისტულ გამოფენებზე.

"რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან ჩართული, ეს ეხება რესტორნებს, განთავსების ობიექტებს, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა წლის განმავლობაში, დაახლოებით, 40-მდე ტურისტულ გამოფენაზე დადის საერთაშორისო მასშტაბით, რაც საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული კერძო სექტორისთვის, ისევე, როგორც, სახელმწიფოსთვის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ასევე სტიმულირების პაკეტი, რის ფარგლებშიც, ყველა კომპანია, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პლატფორმიდან ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ, ხოლო ყველა ის კომპანია, რომლის თანამშრომლების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული, ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით, რაც იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი კომპანიისთვის". – თქვა ქვივრიშვილმა.

გარდა ამისა, სტიმულირების პაკეტის თანახმად, სრულად ვაქცინირებული გიდები მომდევნო ორი თვის განმავლობაში მუზეუმებით, დაცული ტერიტორიებითა და საბაგიროებით უსასყიდლოდ ისარგებლებენ.

ქვივრიშვილის თქმით, ქვეყნის პოპულარიზაციისათვის შეირჩევა ისეთი ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების 60% მაინც იქნება ვაქცინირებული.

კომენტარები