COVID-19-ის ვაქცინა

ჯო ბაიდენი კერძო სექტორს და კომპანიებს მოუწოდებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ 

ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კერძო სექტორს და კომპანიებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. 

"თუ თქვენ კერძო ბიზნესის, კომპანიის, არაკომერციული, სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ და FDA-სგან სრულ ავტორიზაციას ელოდით, ახლა უკვე დროა და მოგიწოდებთ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვოთ". – თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტის მოწოდება 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს [FDA] მიერ Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის საბოლოო, სრული ავტორიზაციის მინიჭებას უკავშირდება.  

"თუკი თქვენ იმ ამერიკელებს შორის ხართ, ვინც ამბობდა, რომ იქამდე არ აიცრებოდა, სანამ ვაქცინა FDA-სგან საბოლოო ავტორიზაციას არ მიიღებდა, დადგა დრო, რომელსაც ელოდით. დროა, აიცრათ". – თქვა პრეზიდენტმა. 

ათეულობით მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლებისგან ვაქცინაციის ან ტესტირების დამადასტურებელ მოწმობას მოითხოვს, ზოგიერთი მათგანი კი მუშაობის გაგრძელებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოდ მოთხოვნასაც გეგმავს, მათ შორისაა: Google, Apple, Facebook, Microsoft, Walmart, Disney და Amazon. 

გადაუდებელი გამოყენებისთვის Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მას შემდეგ Pfizer-ის 200 მილიონ დოზაზე მეტი ამერიკაში უკვე გამოიყენეს, ხოლო მსოფლიოს გარშემო ასობით მილიონი დოზა უკვე ადმინისტრირებულია.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო.

აშშ-ს მოსახლეობის 70%-ს მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა მაინც, 60% კი სრულად აცრილია. 


აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. 

ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში. 

"დიახ, ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი". – თქვა ფაუჩიმ.

სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივას მხარს უჭერს პრეზიდენტი ბაიდენი. 

მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელს მოაწერ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ინიციატივას აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ. 

აღნიშნული გეგმა 4 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და რეზერვისტს მოიცავს. 

კომენტარები