ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლიდან ერთი წლის თავზე, 20 აგვისტოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 9 ფიზიკურ პირსა და ორ რუსულ ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა. მანამდე ახალი სანქციები რუსეთს დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.

"დღეს რუსი სახელმწიფო აგენტების მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის წლისთავზე ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის გვერდით, რათა კიდევ ერთხელ დავგმოთ კრემლის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ოპოზიციონერი ლიდერის სამიზნეში ამოღებისთვის. ნავალნის მოწამვლა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საერთაშორისო ნორმების შოკისმომგვრელი დარღვევა იყო და რუსეთში დისიდენტთა ხმის ჩახშობის მიმდინარე კამპანიის ნაწილია" - თქვა სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრეა გაცკიმ.

სანქციები შეეხო შემდეგ ფიზიკურ პირებს:

  • ალექსეი სედოვი - FSB-ს კონსტიტუციური წყობის და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელი
  • კირილ ვასილიევი - FSB-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი
  • სტანისლავ მაკშაკოვი - FSB-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
  • ვლადიმირ ბოგდანოვი - FSB-ს სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი
  • ალექსეი ალექსანდროვი - FSB-ს თანამშრომელი
  • ვლადიმირ პანიაევი - FSB-ს თანამშრომელი
  • ივან ოსიპოვი - FSB-ს თანამშრომელი
  • კონსტანტინ კუდრიავცევი - FSB-ს თანამშრომელი
  • არტურ ჟიროვი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი

ორგანიზაციებიდან სანქციები შეეხო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს და 33-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტულ ინსტიტუტს.

სანქციების ფარგლებში სანქცირებულთა სიაში მოხვედრილთა ქონება, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზეა გაიყინება.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სექტემბერში ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დამატებით სანქციებს შემოიღებენ, მათ შორის გარკვეული ტიპის იარაღის იმპორტზე შეზღუდვებს.

სანქცირებულთა სიაში მოხვედრილთა უმეტესობა 2020 წლის დეკემბერში Bellingcat-ის და The Insider-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტია. გამოძიებაში თავად ნავალნიმაც მიიღო მონაწილეობა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, კონსტანტინ კუდრიავცევს ურეკავს, რომელიც FSB-ს თანამშრომელია და, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ნავალნის მოწამვლის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. სატელეფონო საუბრისას კუდრიავცევი ფაქტობრივად აღიარებს ოპერაციაში მონაწილეობას.

კომენტარები