თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა პირველ პრესკონფერენციაზე უკმაყოფილება გამოთქვა Facebook-ის მიერ დაჯგუფების კონტენტზე დაწესებული ცენზურის მიმართ.
"ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ, ვინც თავს სიტყვის თავისუფლების წამხალისებლად აცხადებს. კომპანია Facebook-ს შემიძლია ვკითხო. ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ". – უპასუხა თალიბანის სპიკერმა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
Facebook-ი თავისი სოცმედია პლატფორმებიდან თალიბანისა და მის მხარდამჭერ კონტენტს აკრძალვას. კომპანიის თანახმად, ის თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, ის ავღანელ ექსპერტებთან თანამშრომლობს, რომლებიც სოციალურ ქსელებს აკვირდებიან და დაჯგუფებასთან დაკავშირებული კონტენტის წაშლაზე იმუშავებენ.
აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.
16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.
დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.
თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.





