ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2021

მელია: თუკი გვინდა კოალიციური მთავრობა მომავლის რწმენით, ხმას ოპოზიციას ვაძლევთ

თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და სახელმწიფოს განვითარების შანსი მოვუპოვოთ.

"ახლა თქვენ ხედავთ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან აქ და მათი კანდიდატები და სხვა პოლიტიკური პარტიები ამ ფორმატში არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას ერთობაში. სხვადასხვა ქალაქში და ოლქებში ისინი იღებენ აქტიურად მონაწილეობას და ეს ასეც იქნებოდა და ასეც იქნება. ბევრი ადამიანი, როდესაც ამ ადამიანების მხარდამჭერები და ამომრჩევლები არჩევნებზე მოვლენ და ხმას ნიკა მელიას მისცემენ, როგორც საერთო კანდიდატს, დარწმუნებული იყავით, რომ მე არ ვიქნები მათი ფავორიტი იმ წუთას, მაგრამ რადგან ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ და გადამწყვეტი არის მართლაც ეს ბრძოლა, ისინი ხმას მე მომცემენ, იმიტომ, რომ ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს". – თქვა მან.

მელიას თქმით, არასდროს ყოფილა არჩევანის გაკეთება ისეთი ადვილი, როგორიც ეს 2 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება.

"დიახაც, რეფერენდუმია [თვითმმართველობის არჩევნები], სადაც კითხვა ასე ჟღერს, გვინდა ეკონომიკა ერთეულებისთვის იყოს, თუ ეს გვინდა და გვაწყობს თბილისშიც, ქუთაისსა და ზუგდიდშიც, მაშინ ხმა არჩევნებზე ასეთმა მოქალაქემ უნდა მისცეს ოცნებას, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა იყოს ხალხისთვის, მაშინ ხმას მისცემენ, ოპოზიციას და თუკი გვაწყობს და მოგვწონს, რომ დასავლური სივრციდან გამოვდივართ და სულ უფრო და უფრო ვშორდებით დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, თუ ეს ყველაფერი მოგვწონს, მაშინ ფარცხალაძესა და მურუსიძეს მიეცით ხმა, არ არის პრობლემა, და თუკი მოგვწონს ქაოსი, შუღლი, თუკი მოგვწონს დაპირისპირება, კრიმინალი, თბილისში პრაქტიკულად, ვისაც არ ეზარება ყველა შეირაღებული დადის, თუ ეს ყველაფერი მოგვწონს, აქ სადაო არაფერი არ არის, მაშინ ხმა ბიძინა ივანიშვილს უნდა მივცეთ, მაგრამ თუკი გვინდა მშვიდობა, საზოგადოებრივი სიმშვიდე, უსაფრთხოება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციას, თუკი გვინდა, რომ გვყავდეს მეათე წელს ხელისუფლება, რომელიც 19 წლის წინანდელ საკითხებზე გვესაუბრებოდეს, თუ ასეთი რეჟიმი გვაწყობს, რეფერენდუმზე ესე იგი - კი მინდა, მინდა ეს ყველაფერი და თუკი გვინდა, გვყავდეს კოალიციური მთავრობა, რომელსაც მომავლის რწმენას მოიტანს თითოეულ ოჯახში, მაშინ ხმას ვაძლევთ ოპოზიციას". – თქვა მან.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს:

  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • საბურთალო – ბორის ყურუა (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი (გირჩი – მეტი თავისუფლება)
  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო)
  • ისანი – ბესო დონაძე (ევროპული საქართველო)
  • სამგორი – დათო ჟღენტი (ევროპული საქართველო)
  • ვაკე – ბათუ ქუთელია (დროა)
  • კრწანისი – თაზო ახობაძე (დროა)
  • გლდანი – ელენე ხოშტარია (დროა)

კომენტარები