ბელარუსი

ბელარუს პოლიტპატიმარს, რომელმაც სასამართლოზე თვითმკვლელობა სცადა, პატიმრობა მიუსაჯეს

სტეპან ლატიპოვის დაკავება. 15 სექტემბერი, 2020
ТАСС

მინსკის სასამართლომ ბელარუს პოლიტპატიმარს, სტეპან ლატიპოვს 8.5 წლით პატიმრობა და ფულადი ჯარიმა, 8 700 ბელარუსული რუბლი, მიუსაჯა. სასჯელს ლატიპოვი კოლონიაში მოიხდის. 

სასამართლომ ლატიპოვი დამნაშავედ ცნო მსხვილ თაღლითობაში, მილიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და იმ მოქმედებების ორგანიზებაში, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. 

ლაპიტოვი ბრალს არ აღიარებს.

2021 წლის პირველ ივნისს სტეპან ლაპიტივმა სასამართლო სხდომაზე სისტემა ამხილა და თვითმკვლელობა სცადა. ლატიპოვი მსჯავრდადებულებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას სკამზე შემოდგა და კალამი ყელში ჩაირჭო. მან ყელის შემდეგ მაჯების დასერვაც სცადა. სამართალდამცველებმა სწრაფად ვერ შეძლეს ე.წ გალიის კარის გაღება, რადგან მათ გასაღები თან არ ჰქონდათ. ის სასამართლოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.

"ორგანიზებული დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი საბჭო [ГУБОПиК] დამპირდა, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებ, ჩემი ახლობლებისა და მეზობლების მიმართ სისხლის სამართლებრივ საქმეებს აღძრავენ". – თქვა ლატიპოვმა სუიციდის მცდელობამდე. 

Наша нива-ს ინფორმაციით, მან ასევე თქვა, რომ ГУБОПиК-ი  დაჰპირდა,  მისთვის სპეციალურ საწამებელ საკანს მოამზადებენ, მოგვიანებით კი იმავეს გააკეთებენ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც, თუკი ის აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა. 

სტეპან ლატიპოვი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს, როდესაც ის თავის მეზობლებთან ერთად ცდილობდა, ხელი შეეშალა სამართალდამცველებისთვის, რომლებიც კედელზე რამდენიმე DJ-ის გრაფიკის გადაღებვას ცდილობდნენ. მუსიკოსებმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სახელისუფლებო მიტინგზე რუსული ბენდის, Kino-ს საპროტესტო სიმღერა, Перемен ჩართეს. 

ლატიპოვი პროფესიით ხეების მკურნალია. მისი დაკავებიდან ცოტა ხანში ბელარუსულ სახელისუფლებო ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ლატიპოვი აორგანიზებდა ბელარუსში საშიში ქიმიკატების გავრცელებას, რითაც ის სამართალდამცველების დაწამვლას ცდილობდა. ქიმიკოსებმა ამ სიუჟეტსა და გავრცელებულ ვერსიას "სრული ქიმიური უცოდინარობა" უწოდებს. 

2021 წლის აპრილში, ლატიპოვის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, ბელარუსის საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ მას ბრალად ედება ხულიგნობა, სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ორგანიზება. განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ქიმიკატებით სამართალდამცველების მოწამვლის მცდელობის ვერსია. ბელარუსმა უფლებადამცველებმა ლატიპოვი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. 

კომენტარები