კორონავირუსი საქართველოში

ვინ არ აპირებს აცრას და რატომ? 

ტაბულა  

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 47% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35% კი – აიცრებოდა. 

მსგავსი სტატისტიკა ჩანს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაშიც, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 45% ამბობს, რომ აცრის გაკეთებას არ აპირებს. 

დედაქალაქში სიტუაცია შედარებით უკეთესია, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში. კერძოდ, თბილისში გამოკითხულთა მხოლოდ 37% ამბობს, რომ არ აპირებს აცრას, რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი 52%-ს აღწევს. 

რაც შეეხება დემოგრაფიულ გადანაწილებას, აცრისაგან თავის შეკავებას 18-დან 34 წლამდე ასაკის პირების 56% გეგმავს, 55 წელს გადაცილებულებში კი ეს მაჩვენებელი 39%-ა. 

შეკითხვაზე, თუ რატომ არ აპირებენ აცრას, გამოკითხულთა მხოლოდ 2% პასუხობს, რომ ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგ არიან. ეს სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირედი ნაწილია ჭეშმარიტად ანტივაქსერი. 

მათი 47%, ვინც არ აპირებს აცრას, ამბობს, რომ არ ენდობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხს. 

NDI-ს კვლევის მიხედვით, ვაქცინაციაზე საუბრისას გამოკითხულთა 70%-მა რჩეული პოლიტიკური პარტია არ დაასახელა. ქართული ოცნების მხარდამჭერთა 31% ამბობს, რომ აცრას არ აპირებს, ოპოზიციის ამომრჩევლებში ეს მაჩვენებელი 48%-ა. 

რაც შეეხება IRI-ს კვლევას, აქ ქართული ოცნების მხარდამჭერთა 40% არ აპირებს აცრას, ენმ-ს – 54% და სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების – 46%. 

პოლიტიკური პრეფერენციების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დასახელებისგან თავი შეიკავა, მათი 51% კი ამბობს, რომ არ აიცრებოდა.

გარკვეულწილად ვაქცინების მიმართ უნდობლობა, შესაძლოა, საჭირო ინფორმაციის არქონასთან დავაკავშიროთ, რადგან იმ ადამიანების 52%, რომლებიც თავს იკავებენ აცრისგან, ამბობს, რომ არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

შედარებისთვის, ვინც აცრას აპირებს მათი 66% თვლის, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარის ინფორმაციას ფლობს. 

გამოკითხულთა 13% თვლის, რომ ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება ვირუსს. ხოლო 7% ფიქრობს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, იგულისხმება შეთქმულების თეორიები. 

არასაკმარისი ინფორმაციის პრობლემას ცხადყოფს ის სტატისტიკაც, რომ მოსახლეობის 56%-ს აცრაზე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია არ აქვს. 

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სოფლებში, სადაც მოსახლეობის 71%-მა არ იცის, თუ როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ქვეყნის მასშტაბით კი 55 წელს გადაცილებულ პირებში ეს მაჩვენებელი 65%-ა. 

ინფორმაციის არქონასა და აცრის მიმართ უნდობლობას შორის პირდაპირი კავშირის დადგენა საკმაოდ რთულია და ამისათვის ცალკეული კვლევების ჩატარებაა საჭირო. 

მიუხედავად ამისა, ზოგად სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ იქ, სადაც ინფორმირებულობის დონე დაბალია, მაღალია უნდობლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ. 
 

კომენტარები