თბილისის მერია

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, კორპუსიდან მოქალაქეები გაიყვანეს

თბილისის მერია

თბილისში ფერდის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ლორთქიფანიძის N10-ში მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ფერდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

თბილისის მერიის ცნობით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დროებითი საცხოვრებლით თავად უზრუნველყოფენ და მათ სხვადასხვა სასტუმროში გაანაწილებენ. 

"პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რეალური საფრთხე არსებობს თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1%-იანი რისკის ქვეშ". – თქვა მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. 

კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი ფერდის ჩამოშლას მათი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობას უკავშირებს, რომლისთვისაც უკვე თვეზე მეტია, საძირკველს თხრიან. 

"სახლში ვიყავი, როდესაც გავიგე ძალიან ძლიერი ხმა. თავიდან ვიფიქრე, რომ რადგან წინ მიდის მშენებლობა, საძირკველს თხრიან. მეგონა, მიწის გატანა ხდებოდა, მაგრამ, რომ არ გაჩერდა და გადავიხედე, ირღვეოდა... მთლიანად ეზო ჩაიქცა და კლდე არის ჩანგრეული. ერთი თვეა, მიდის საძირკვლის გათხრა, რომელიც არ დასრულდა. მრავალჯერ მივმართეთ მერიას და გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და არაფერი საშიში არ ყოფილა, მაგრამ, აი, ქუჩაში ვართ". – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთი მცხოვრები. 

მისივე თქმით, კორპუსთან გასკდა გაზსადენი მილიც, რომელიც მოგვიანებით გადაკეტეს. 

მერიის ინფორმაციით, დარგის სპეციალისტებმა ჩამოშლილი ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც საექსპერტო დასკვნა მომზადდება.

კომენტარები