ცენზურა ჩინეთში

ჩინეთი ეროვნული ერთობისთვის საფრთხის შემცველ სიმღერებს კრძალავს 

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ხელოვნების, მუსიკისა და გართობის ინდუსტრიის შეზღუდვას განაგრძობს. ახალი რეგულაციების თანახმად, აიკრძალება ყველა ის კარაოკე სიმღერა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას. 

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განმარტებით, სიმღერები არ უნდა აღვივებდეს ეთნიკურ სიძულვილს, აქეზებდეს ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებას, კრიმინალს, აზარტულ თამაშებს ან კულტებსა და ცრურწმენებს.

"აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ძირეულ სოციალისტურ ღირებულებებს და ქვეყანას ეროვნულ და იდეოლოგიურ უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს". – განმარტავენ სამინისტროში. 

 ჩინეთის მასშტაბით 50 000-ზე მეტი საცეკვაო და გასართობი ცენტრია, რომელთა კატალოგშიც 100 000-მდე სიმღერაა.

აკრძალვა ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა. 

ეს კომუნისტური მთავრობის მიერ მუსიკაზე დაწესებული პირველი ცენზურა არ არის. ჯერ კიდევ 2015 წელს კულტურის სამინისტრომ 120-მდე სიმღერა აკრძალა, რადგან ისინი საზოგადოებისათვის "საფრთხეს" წარმოადგენდნენ.    

კომენტარები