აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი ომზე: თარიღებით სპეკულირება სირცხვილია, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია იყო

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომს ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია უწოდა.  ამის შესახებ ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თქვა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  პრემიერმინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. 

"გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ქვეყნის  ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე აქ გარდაცვლილი ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არცერთმა ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან - ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი". – ამბობს ღარიბაშვილი. 

კითხვაზე, როდის და ვინ დაიწყო ომი, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "თარიღებით სპეკულირება სირცხვილია" და მნიშვნელოვანია შედეგებზე საუბარი. 

"ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის და თქვენი მფლობელის და მაკონტროლებლის ხელისუფლება, ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები". – ამბობს პრემიერი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

 

კომენტარები