ეკონომიკა

FITCH-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ისევ BB დონეზე დატოვა – რას ნიშნავს ეს? 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო მაჩვენებელი ისევ BB დონეზე დატოვა, მოლოდინები კი ნეგატიურიდან სტაბილურზე შეცვალა. 

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტთა ნაწილი BB რეიტინგს არასასურველად მიიჩნევს, საქართველო კი 2014 წლიდან მოყოლებული სტაგნაციას განიცდის და BB რეიტინგს ვერ სცდება. 

შედარებისთვის, მეზობელ სახელმწიფოებს უკეთესი რეიტინგი აქვთ, კერძოდ, რუსეთს [BBB] და აზერბაიჯანს [BB+]. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი წლების მიხედვით: 

  • 2007: BB-
  • 2008: B+
  • 2009: B+
  • 2011: B+
  • 2014: BB-
  • 2015: BB-
  • 2018: BB-
  • 2019: BB
  • 2020: BB
  • 2021: BB

მიუხედავად იმისა, რომ წელს Fitch-ის რეიტინგი არსებითად არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ ქვეყანა დასახულ მიზანს უახლოვდება და სულ ორი საფეხურიღა დარჩა. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა ორი საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას". 

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ვალი, რომელი 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს შეადგენდა, 2021 წელს 56%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს – 55.2%-მდე. 

Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით, ხოლო 2022-23 წლებში 5.4%-ით გაიზრდება. ეკონომიკის განვითარებას ხელი საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილების ზრდამ და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენამ შეუწყო. 

ეკონომიკის პოტენციურ გამოწვევებად ანალიტიკოსები ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებს და პანდემიას ასახელებენ. 
 

 

კომენტარები