6 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დელეგაციასთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. ბჟანია ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციას ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, ჯავის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ჯიოევი და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი დახვდნენ.
ასლან ბჟანიას ვიზიტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამ დღეს გაგრძელდება. ბჟანია ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან მოლაპარაკებებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს გაფართოებული ფორმატის თათბირში ორი ოკუპირებული რეგიონის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.