დასუფთავების სამსახური

კალაძე: სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან, გაფიცვის მცდელობა პროვოკაცია იყო

თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით,  თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების გაფიცვა მიზანმიმართული პროვოკაციაა და "შესაბამისი რეაგირება" მოჰყვება. 

"ძალიან სამწუხაროა, რადგან არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება".- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, გაფიცულების ნაწილისგან ბევრი სიცრუე ითქვა.  მერი ამბობს, რომ გასულ წელს ხელფასების 20%-იანი მატება იყო და 2022 წლის იანვარში საკითხი ისევ განიხილება.  ასევე, კალაძის თქმით, 2019 წელს ახალი ტრანსპორტი შემოვიდა. 

"რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტია საჭირო. უკვე შევისყიდეთ და უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომ დასუფთავების სამუშაოები ნორმალურად წარიმართოს".- ამბობს კალაძე და აღნიშნავს, რომ სამუშაო ფორმების განახლებაც ყოველწლიურად მიმდინარეობს და სექტემბრის დასაწყისში თანამშრომლებს ახალი ფორმები ექნებათ. 

"გახარებული არიან ადამიანები, რომლებიც ვიდეოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს ყველაფერი. ერთი რამ იცოდეს ყველამ, მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით".- ამბობს კალაძე. 

6 ივლისს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.  

6 ივლისს საღამოს, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაფიცულების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა.  მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.

 

 

კომენტარები