ცენზურა ჩინეთში

ჩინეთის მთავრობის გამო TENCENT-ის დირექტორმა ჯეკ მაზე მეტი ქონება დაკარგა 

Tencent-ის დირექტორი მა ჰუატენგი და Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის წნეხი კერძო კომპანიებისა და მეწარმეების წინააღმდეგ გრძელდება, ამჯერად მთავრობის სამიზნე გახდა ტექნოლოგიური გიგანტი Tencent Holdings-ი, რომელიც ჩინეთის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელს, WeChat-ს ფლობს. 

ახალი რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო Tencent-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 120 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

Tencent-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მა ჰუატენგის ქონება კი 2021 წელს თითქმის 14 მილიარდი დოლარით შემცირდა, იმაზე მეტით, ვიდრე Alibaba-ს დამფუძნებლის, ჯეკ მასი. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მას ქონება 48 მილიარდადაა შეფასებული [-2.6 მლრდ წლიური ცვლილება]; ჰუატენგის კი – 45.2 მილიარდად [-11.2 მლრდ].

აღსანიშნავია, რომ ჰუატენგი კომუნისტურ მთავრობას საჯაროდ არ აკრიტიკებდა და პარტიის მიმართ მხარდაჭერასაც კი გამოხატავდა, მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ Tencent-ს რიგი ახალი შეზღუდვები დაუწესა. 

მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, WeChat-მა დაუყოვნებლივ უნდა გააუმჯობესოს უსაფრთხოებისა და მომხმარებლების იდენტიფიკაციის სისტემები, რის გამოც აგვისტომდე ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია. 

გარდა ამისა, Tencent-ის გეგმა, შეეძინა China Music Corporation-ი, მარეგულირებელმა ორგანომ ჩაშალა. 

ჰუატენგისგან განსხვავებით, ჯეკ მამ ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ გააკრიტიკა, რის გამოც ის მთავრობის სამიზნე გახდა. 

პირველ რიგში, მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მას Ant Group-ის $37-მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა. 

რამდენიმე თვეში კი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის მუხლით Alibaba-ს წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო, რომელიც კომპანიის $2.8-მილიარდიანი დაჯარიმებით დასრულდა

2021 წელს კი ჯეკ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.

ჩინეთის ახალი ანტიმონოპოლიური კანონი და რეგულაციები მიმართულია უშუალოდ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიცაა: Alibaba და Tencent-ი.

რეგულაციები ეხება როგორც ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ პლატფორმებს, ასევე ციფრული გადახდის საშუალებებს, კერძოდ, Ant Group-ის Alipay-სა და Tencent-ის WeChat Pay-ს.

ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი კანონი შეაჩერებს მონოპოლისტურ ქცევებს ტექნოლოგიურ სივრცეში და ის სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

შეტყობინებაში ასევე წერია, რომ ახალი რეგულაციები კომპანიებს ფასების ფიქსირების, ბაზრის მანიპულირების, ალგორითმის ბოროტად გამოყენებისა და ტექნოლოგიების შეზღუდვისაგან შეაჩერებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობა მიზანმიმართულად აწესებს ახალ რეგულაციებს კერძო სექტორისათვის და არა სახელმწიფო მონოპოლიებისთვის.
მათი თქმით,  ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიზანი არა კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, არამედ კერძო კომპანიების მიმართ სახელმწიფო კონტროლის გაზრდაა.


რას გულისხმობს ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი ? 

ჩინეთის კანონმდებლობით, ანტიმონოპოლიურ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს: ბაზრის მანიპულირება, კონკურენტების ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხება, ციფრული ეკოსისტემის ჩაკეტვა, მომხმარებლების იძულება, ხელოვნურად დაბალი ფასების დაწესება, ბაზრის მონოპოლიზაცია, დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენება, კორპორაციული საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, გადასახადების თავიდან აცილება, კომპიუტერული ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის არაკონკურენტული მიზნებით გამოყენება. 

ექსპერტების თქმით, ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი და ბუნდოვანია, რაც, თავის მხრივ, კომუნისტურ მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ სასამართლო პროცესები არა კანონებზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე დაყრდნობით წარმართოს. 

კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებს და, მათ შორის, ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს არაერთხელ უთქვამთ, რომ ყოველივე ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია. 

ექსპერტები ჩინეთის მთავრობას ორმაგი სტანდარტების დაწესებაშიც ადანაშაულებენ, კერძოდ, ანტიმონოპოლიური კანონი, ძირითადად, მხოლოდ იმ კომპანიებს ეხებათ, რომლებიც არ სარგებლობენ მთავრობის მხრიდან კეთილგანწყობით.  

აშშ-ის ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს, ანუ ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონებს კი, ძირითადად, ანტიმონოპოლიური კანონი არ ეხებათ და ისინი მთავრობის მხრიდან იმუნიტეტითა თუ დაფინანსებითაც კი სარგებლობენ. 

კომენტარები