აშშ-საქართველო

აშშ: იმედია, თბილისის დახმარებით მიღწეული პროგრესი რეგიონში თანამშრომლობის საფუძველი გახდება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება წერილით მიულოცა. წერილი სომხურმა მედიამ პრემიერმინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 

პრეზიდენტი ბაიდენი წერილში შეეხო სომხეთის უსაფრთხოების თემებსაც და ხაზი გაუსვა წინა თვეებში საქართველოს შუამავლობის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

"აშშ მოხარული იყო, დახმარებოდა აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების ძალისხმევას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნების მოწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ სფეროში ჩვენ მიერ საქართველოს დახმარებით მიღწეული პროგრესი მომავალში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ განხილვებთან ერთად". – წერს ჯო ბაიდენი. 

12 ივნისს აზერბაიჯანულმა მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ოჯახებს დაუბრუნდნენ. პროცესი შედგა ოფიციალური თბილისის შუამავლობით.

"საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. 

საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრემიერმინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან". - ეწერა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები