შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

საპატრიარქო: ეროვნულ მუზეუმს შევუთანხმდით, რომ ოქროს ფონდი ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდება

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო წერს, რომ ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, მათთან დროებით გადატანილი საეკლესიო საგანძური - ოქროს ფონდი, შენობის რეაბილიტირების შემდეგ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში უნდა დაბრუნდეს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვინაიდან სახელმწიფო დაცვაში მყოფი ოქროს ფონდისა და სიწმინდეების მესაკუთრედ საქართველოს სახელმწიფომ საპატრიარქო ცნო, ისინი ხელოვნების მუზეუმზე გამოქვეყნებული დასკვნების გაცნობის შემდეგ ექსპონანტების სხვაგან განთავსებას განიხილავენ.

"პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს ეკლესია სცნო სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმი, საცავები) მყოფი საეკლესიო საგანძურის მესაკუთრედ და დაადგინა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ 4 წელია დავინტერესდით ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგრადობით და მოვიძიეთ წლების მანძილზე ამ მიმართულებით გაკეთებული დასკვნები. აღმოჩნდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ლ.სამხარაძის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (2018 წ. 22 თებერვალი, 2019 წლის 7 ოქტომბერი და 26 დეკემბერი), შ.პ.ს "სენსონის" (2017 წ. აგვისტო, 2018 წ. 1 მარტი) შ.პ.ს "თბილი სახლის" (2019 წ. 10 ოქტომბერი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (2018 წ. 16 მარტი) მიერ რვაჯერ შემოწმდა ამ შენობის მდგრადობა და რვაჯერვე დაიდო დასკვნა, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებს მეტად სერიოზულ და სასწრაფო სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას.

ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე". – წერია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საეკლესიო საგანძურის გადასატანად დროებით ადგილად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი შეირჩა, რომელშიც მომზადდა საგამოფენო სივრცე, დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის სამუზეუმო ვიტრინები - ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემით. ამასთან ერთად, მათივე თქმით, "მაღალი სამუზეუმო სტანდარტით შეიქმნა და დადგინდა თითოეული გადასატანი სიწმინდისთვის პასპორტიზაციის დეტალური დოკუმენტები და გადაწყდა, რომ ექსპონანტების გადატანამდე სკულპუროზულად შესწავლილიყო სანოტარო წიგნები და საფონდო დავთრები, რათა უსაფრთხოება სრულად ყოფილიყო დაცული".

მათივე თქმით, განათლების მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დაკომპლექტებული სახმრივი კომისია არასრული სამი თვე მუშაობდა, ექსპონანტთა თითქმის 1/3 აღწერა და შემდეგ, კორონავირუსის შეჩერების მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო მუშაობა შეაჩერა.

"მაგრამ მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების დღე არსებული მდგომარეობა ზუსტად აღიწეროს: შემდეგ კი, საგანძური ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანისა და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში , დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონანტების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მერე რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს.ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადი ლაბორატორიაც.

და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც - საეკლესიო საგანძური - დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში". – წერია განცხადებაში.


2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე.

კომენტარები