ფარული მოსმენა

ფორმულას ჟურნალისტი ადასტურებს, რომ მასაც უსმენდნენ და ჩანაწერი ნამდვილია

ფორმულა / კადრი ვიდეოდან

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

"ვადასტურებ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. გასული წლის ზაფხულში ჟურნალისტებმა დავურეკეთ ჟურნალისტებმა ინფორმაციის დასაზუსტებლად. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ჩვენი  საუბარი ეხებოდა ინფორმაციის დაზუსტებას, რა თქმა უნდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ გახდა ეს საუბარი ვინმესთვის საინტერესო, რატომ დაიხარჯა ამაზე რესურსი. ის ფაქტი, რომ ასე ხდება ჟურნალისტების რიგითი საუბრის მოსმენა, შემაშფოთებელია როგორც ჟურნალისტისთვის, ისე მოქალაქისთვის". – თქვა ნინო გელაშვილმა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია პავლიაშვილს მიმდინარე წლის [2020] 17 ივნისს დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სოფიო დემეტრაშვილი და ჰკითხა, რომ 21 ივნისს უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რასთან დაკავშირებითაც დემეტრაშვილმა თანამოსაუბრეს ჰკითხა, მიმართა თუ არა პარლამენტის აპარატმა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც პავლიაშვილმა განუმარტა, რომ აღნიშნულზე არ იყო ინფორმირებული. 

იმავე საქმეზე ნათია პავლიაშვილს დაურეკა ფორმულას თანამშრომელმა, ნინო გელაშვილმა". – ფორმულას ცნობით, წაიკითხა ნიკა გვარამიამ სუს-ის დოკუმენტებიდან.

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

კომენტარები