ჰუსეინ ბაკიხანოვი

უფლებები საქართველო: ბაკიხანოვი 14 ივნისს დაგვიკავშირდა საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით

უფლებები საქართველო გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მათ ბაკიხანოვმა 14 ივნისს მიმართა საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესის და პროცედურების შესახებ სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. კონსულტაციის მიღების შემდეგ კი მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაკიხანოვმა მასზე ძალადობის ფაქტის შესახებ მათ 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა ინფორმაცია.
 
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროთ, რომ ბაკიხანოვს, როგორც თავშესაფრის მაძიებელს, 2021 წლის 15 ივლისს, გარდაცვალების მომდევნო დღეს, უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მას მიენიჭა ან მიენიჭებოდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. 2021 წლის 6 ივლისს ჰუსეინ ბაკიხანოვი დაუკავშირდა უფლებები საქართველოს სხვა ქვეყანაში გადასვლაში დახმარების მიზნით. ორგანიზაციის მიერ მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. 

2021 წლის 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაკიხანოვი კვლავ დაუკავშირდა უფლებები საქართველოს და შეატყობინა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც იგი დაიკითხა პოლიციაში". – ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით, ბაკიხანოვის სახელით უფლებები საქართველოსთვის არავის მოუმართავს, თუმცა ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებში წარმოადგინოს ბაკიხანოვის ინტერესები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანელი მიგრანტის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გუშინ, 29 ივლისს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ დაწერა, რომ ბაკიხანოვი, რომელსაც 12 ივლისს სცემეს და შემდეგ მას შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე უარი უთხრეს, გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მუხთარლი წერს, რომ ბაკიხანოვი შენობიდან გადმოაგდეს, პოლიციამ კი დაადასტურა, რომ ის სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი. 

მუხთარლის ცნობით, ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის დასრულების შემდეგაც ის ამბობდა, რომ პოლიცია აწამებდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.

კომენტარები