ჰუსეინ ბაკიხანოვი

მუხთარლი: თბილისში ნაცემ ბაკიხანოვს ორგანოების კვლევაზე უარი ეთქვა, დღეს გარდაცვლილი ნახეს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცნობით, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, რომელსაც 12 ივლისს სცემეს და შემდეგ შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე უარი უთხრეს, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მუხთარლის ცნობით, ბაკიხანოვი 7 მაისს ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რისი დასრულების შემდეგაც ის ამბობდა, რომ პოლიცია აწამებდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.

"აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრებ ემიგრანტს, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მას გადაურჩა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. დღეს გაირკვა, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ჰუსეინმა მეგობრებს განუცხადა, რომ თავდამსხმელებს თავდაპირველად სურდათ მისი პრივატიზება", - წერს აფგან მუხთარლი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისივე ცნობით, ჰუსეინ ბაკიხანოვი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, ხოლო პოლიციამ დაადასტურა, რომ ის სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი.

ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან, მოიკითხავენ და დაგვიკავშირდებიან.

კომენტარები