შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

სამადაშვილი ენმ-ს: ყველაზე ჭკვიანური სვლა თქვენგან ახლა შეთანხმებაზე ხელმოწერაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის იმ შეთანხმებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს, 28 ივლისს ოფიციალურად ანულირებულად გამოაცხადა. 

"ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი". – წერს სამადაშვილი Facebook-ზე. 

სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები