ჟურნალისტებზე ძალადობა

მოსამართლე: შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმას – დითირამბებს კრიტიკა მირჩევნია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე, პირველ რიგში, მედია დგას, მათზე თავდასხმას კი თვალს "შეშფოთებული ადევნებს". 

"საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის "მსხვერპლი". თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ". - წერს ის.

დღეს, 27 ივლისს მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ენმ-ის წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს დროს მოქალაქემ ფანჯრიდან წყალი გადაასხა. კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ მისი საქციელით, ალბათ, იმსახურებდა, ასე მომხდარიყო. 

ასევე, დღეს, 27 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ორკმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ვცდილობ, ბოროტად შესრულებულ ჟურნალისტურ საქმიანობას ხელი შევუშალო". – უთხრა მან მედიის წარმომადგენლებს. 

სოციალურ ქსელში მუქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს მთავარი არხისა და ფორმულას ჟურნალისტებმა - თათია წოწონავამ და დავით ჭაბაშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 29 ორკია დაკავებული.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 25 ორკი. თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 ორკი. 1 კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.  

5 ივლისს ორკების მიერ გამართულ აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა - მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ჟურნალისტებზე ძალადობისა და ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ, გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქართულმა ოცნებამ ძალადობის წახალისების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. 

კომენტარები