ვაქცინაცია საქართველოში

"გთხოვთ, დაუშვათ გამონაკლისი" – 13 წლის მოზარდი ქართველ პედიატრს Pfizer-ით აცრას სთხოვს

ექიმი-პედიატრი თემურ მიქელაძე 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყნებს, რომელიც მას გამონაკლისის დაშვებას და Pfizer-ის ვაქცინით აცრას სთხოვს.

"გამარჯობათ, ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.

დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთერთი რეკლამა საზოგადოებისთვის...თქვენი დიდი იმედი მაქვს, პატივისცემით, მადლობა". – ნათქვამია მესიჯში, რომელიც თემურ მიქელაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

23 ივლისს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ მისი პაციენტი, 12 წლის ბავშვი, რომელსაც "განსაკუთრებული ჩვენება" ჰქონდა, გამონაკლისის სახით უკვე აცრეს ფაიზერის ვაქცინით. 

"მე ვიმედოვნებ, რომ მაღალგანვითარებული ქვეყნების მსგავსად, როდესაც დოზები გვექნება, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ჩავატარებთ ვაქცინაციას". – აღნიშნა მიქელაძემ.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინით აცრა 16 წლიდან არის შესაძლებელი. 

კომენტარები