კორონავირუსი საქართველოში

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად  სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. მინისტრის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ "ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს", მაგრამ იყოს უსაფრთხო. 

"ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო PCR-ზე. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას". –ამბობს ნათია თურნავა. 

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 375 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.19%, ბოლო 14 დღის - 4.77, ბოლო 7 დღის - 5.24%.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 390 945 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 გარდაიცვალა.

კომენტარები